Viser innlegg med etiketten Georgisk. Vis alle innlegg
Viser innlegg med etiketten Georgisk. Vis alle innlegg

lørdag 1. juni 2019

რა არის „ხსნის არმია“?

პასუხი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კარგად იცნობს ადამიანი ორგანიზაციას. ვიღაც იტყვის: „ეს გახლავთ ჩემი საყვარელი მაღაზია“ - და იგულისხმებს ჩვენს საქველმოქმედო მაღაზიებს. სხვა იტყვის „ისინი ეხმარებიან უმწეოთ!“ მესამემ შესაძლოა თქვას „მათ კარგი სასულე ორკესტრები ჰყავთ!“ ხოლო მეოთხე განაცხადებს „ეს ჩემი ეკლესიაა!“

არც ერთი ჩამოთვლილთაგანი არ გახლავთ მცდარი, თუმცაღა ყოველი მათგანი, მხოლოდ სიმართლის ნაწილია. მე შემიძლია ჩამოვთვალო კიდევ ბევრი რამ, რაც მიუთითებს ვინ ვართ ჩვენ.

ჩემთვის, „ხსნის არმია“ - ეს არის მისია; ხოლო მისია გახლავთ იესოს სიცოცხლის მოტანა თანამედროვე საზოგადოებაში. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია საქველმოქმედო მაღაზიით, პროექტით, რომელიც შეამცირებს სიღარიბის მასშტაბებს, სასულე ორკესტრით, ეკლესიით/კორპუსით ან იმ საშუალებით, რაც ჯერ გონებაში არც კი დაგვბადებია. სწორედ ამიტომაც აქვს „ხსნის არმიას“ მისიის ამდენი სახის გამოვლინება.

ბოლო ოც ნამუშევარში, მე ყურადღებას ვამახვილებდი გენერალ ბრაიან ფედლის „მოწოდება მისიისაკენ“. საშიშროება ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, გახლავთ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ ამის კეთება მაშინაც, როდესაც მისიაზე აღარ ვიქნებით ორიენტირებულნი. მაღაზიამ, პროექტმა, ორკესტრმა, კორპუსმა თუ ჩვენი არაერთი მისიის რომელიმე გამოვლინებამ, შესაძლოა ჩაანაცვლოს მთავარი ფოკუსი, რომელიც გახლავთ ჩვენი მისიის შესრულების ერთადერთი მიზეზი.

წლების წინ, მე სათავეში ვედექი დიდ, საკმაოდ ტრადიციულ „ხსნის არმიის“ კორპუსს. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კორპუსის ყველაზე აქტიური წევრები, ქადაგებისას მე ვთქვი შემდეგი რამ:

„თუკი ღმერთისთვის შესაძლებელი იყო სიკვდილი, და მან ნამდვილად გადაწყვიტა სიკვდილი, მინიმუმ სამი წელი დასჭირდებოდა ამ კორპუსს ამის აღმოსაჩენად! თუმცაღა, ჩვენ განვაგრძობდით იმის კეთებას, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ, თითქოს არაფერი მნიშვნელოვანი მომხდარა“.

გარკვეულწილად, ეს გახლდათ „გამოღვიძების მოწოდება“, და მოგვიანებით გამოხმაურება იყო ძლიერი ემოციური გამოხატულება. ახალგაზრდა ჯარისკაცი მომიახლოვდა და მითხრა: „თავდაპირველად ვიფიქრე, რომ მართალი იყავით, და შევშინდი. თუმცა, შემდეგ გავიფიქრე, თუ ღმერთი ნამდვილად მოკვდა, მე მჯერა, რომ იოსტინი ამას აღმოაჩენს, და დარწმუნებული ვარ, გვეტყვის!“ გარკვეულწილად, ეს გახლდათ ხუმრობა, თუმცა ვიგრძენი, რომ მან იგრძნო უწყების სერიოზულობა.

ყოველ ჯერზე, ჩვენთვის საჭიროა შეგვახსენონ „მისია უპირველეს ყოვლისა!“ გენერალმა შეგვახსენა. ჩვენც უნდა შევახსენოთ ერთმანეთს: ჩვენ იესოს ცხოვრება უნდა გავავრცელოთ იქ, სადაც ვიმყოფებით. მისია არ გახლავთ ის, რასაც ვაკეთებთ, არამედ ის, რითიც ვცხოვრობთ.

ისევე როგორც, მრავალი წლის წინ მე შემეძლო ახალგაზრდა ჯარისკაცისთვის მეთქვა, კვლავაც ვადასტურებ:
„ღმერთი არ არის მკვდარი, იგი არასოდეს მოკვდება, მან გაიმარჯვა სიკვდილზე და აღდგა საფლავიდან. იგი შენში ცოცხლობს!“
„ციური მანნა“ დღეისათვის:
იცხოვრე მისიით!
.... და გისურვებ ბედნიერ ზაფხულს
--------------------------------------------

lørdag 25. mai 2019

ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევა?

„ხსნის არმიის“ საერთაშორისო მისიის დებულება აცხადებს, რომ ჩვენი მისიაა ვიქადაგოთ იესო ქრისტეს სახარება და „დახმარება აღმოვუჩინოთ ადამიანებს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე“ (1). გენერლის „მოწოდება ჩართულობისკენ“,  კვლავ შეგვახსენებს ჩვენი მისიის დებულების ამ მნიშვნელოვანი როლის შესახებ (2). ჩართულობა, ნამდვილად მთავარი იყო მისი მისიის გაცნობიერებაში:
ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა. ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ.
იოანე 6:37
 იესო აცხადებს, რომ იგი ნებისმიერ მასთან მისულს არასოდეს გააძევებს. და მაინც, ზოგიერთი მაინც გაშორდება მას დაღონებული. სწორედ ასე დაემართა მდიდარს, რომელიც მოვიდა იესოსთან და ჰკითხა რა უნდა გაეკეთებინა, რათა დაემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე. მან დაადასტურა, რომ იცავდა მცნებებს, მაგრამ რაღაც არ ჰყოფნიდა. ამის შემდეგ იესო შეეწინააღმდეგა მას ამ გამოწვევით: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი.“ (3). გამომდინარე იქიდან, რომ ამ კაცს ჰქონდა დიდი სიმდიდრე, ეს გამოწვევა მისთვის ძალიან დიდი იყო და დატოვა იესო.

იესო იღებს ყველას. იესოს არ გაუძევებია მდიდარი კაცი. ეს მისი პირადი არჩევანი იყო. ვიღაც სავარაუდოდ იტყვის, რომ ეს კაცი იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი, რადგანაც მდიდარი იყო, თუმცა მას მაინც შეეძლო გაჰყოლოდა იესოს მოწაფეების მსგავსად. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მან იცოდა, რომ  უყვარდათ და მიღებული იყო. მისთვის გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ უნდა გაეკეთებინა არჩევანი, რაც ასევე გულისხმობდა სხვა რაღაცის დათმობას.

უკვე 2000 წელიას არ შეცვლილა. როდესაც მე ვაკეთებ არჩევანს, ეს თითქოსდა არის შესაძლებლობაზე ზეგავლენა, რათა გავაკეთოთ სხვა არჩევანი. როდესაც ყველას აქვს ყველაფრის იმედი და სურს შეინარჩუნოს არჩევანის თავისუფლება ნებისმიერ ვითარებაში, ეს ძალიან რთული ხდება. იქნებ, ეს იქცეს ჩვენი დროის უდიდეს გამოწვევად?

„ციური მანნა“ დღეისათვის:
იესო არასოდეს არავის გააძევებს
------------------------------------------------
(1) საერთაშორისო ორგანიზაცია „ხსნის არმია“ წარმოადგენს მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ევანგელისტურ ფრთას. მისი სწავლების საფუძველია ბიბლია. იგი მოღვაწეობს ღმერთის სიყვარულით. მისი დანიშნულებაა იქადაგოს იესო ქრისტეს სახარება და მისი სახელით დახმარება აღმოუჩინოს ადამიანებს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე.
(2) გენერალ ფედლის მოწოდება: „მოწოდება ჩართულობისაკენ“: ჩვენ არ უნდა დავუშვათ ადამიანების გაკიცხვა, მოვეპყოთ ადამიანებს პატივისცემითა და თანაგრძნობით, გვახსოვდეს ჩვენი მისია, რომ ქრისტეს სახელით გავითვალისწინოთ ადამიანთა საჭიროებები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
(3) მათე 19:21

lørdag 18. mai 2019

არის თუ არა „იესოს სახელი“ მანტრას სახეობა?

„მანტრა“ არის ბგერა, რომელიც უკავშირდება ინდუიზმსა და ბუდიზმს. ბგერა გამოიყენება რათა გააანალიზოს ფიქრი ან მიზანი. სიტყვას აქვს რამდენიმე მნიშვნელობა, როგორიცაა მაგ: ლოცვა, ჰიმნი ან დამარცვლა. ეს არის ბგერის ან სიტყვის გამეორება, რომელმაც უნდა მოახდინოს ეფექტი.
საინტერესოა, რომ იესო გამუდმებით საუბრობდა მისი სახელით ლოცვის შესახებ.
გთავაზობთ ერთ მაგალითს:


თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
იოანე
14:14
ნათელია, რომ პირველმა ქრისტიანებმა მიიღეს მისი სწავლება და პრაქტიკაშიც იყენებდნენ მას. მათ სჯეროდათ, რომ იესო იყო მათ შორის, როდესაც მისი სახელით იკრიბებოდნენ (1). ისინი აცხადებდნენ, რომ სასწაულები ხდებოდა რწმენით იესოს სახელით (2). ისინი ნათლავდნენ იესოს სახელით (3) და აცხადებდნენ, რომ ხსნა არის მხოლოდ მის სახელში (4) თუმცაღა, არაფერია იმის მანიშნებელი, რომ ისინი იესოს სახელს იყენებდნენ მანტრას ფორმით. სახელს ჰქონდა ძალა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გამოიყენებოდა რწმენით იესო ქრისტეში. თუ იგი გამოყენებულ იქნებოდა მსგავსი კონტექსტის მიღმა, სახელს შესაძლოა ემოქმედა მიზნის წინააღმდეგ. ამის მაგალითი შესაძლოა ვიპოვნოთ სკევას შვიდი ვაჟის ისტორიაში, რომლებიც ცდილობდნენ განედევნათ ბოროტი სულები იესოს სახელით, ისე რომ არ იცნობდნენ მას როგორც იესო ქრისტეს (5).

მე ხშირად წარმოვთქვამ „იესოს“ მაგრამ არა როგორც წმინდა სიტყვას ან მაგიურ ფორმულას რომელიც დამაკავშირებს მე ღვთიურთან, რაც არის ჩემს გარეთ ან ჩემში. სწორედ ამ სახელით, მამა ღმერთი არის განდიდებული, რადგანაც იგი ადასტურებს, რომ მე მწამს იგი და ყოველივე რაც მან ჩემთვის გააკეთა. მოგვიანებით, იგი ადასტურებს, რომ რწმენა არის დაკავშირებული მის სახელთან და არა ჩემთან.

ამგვარად, როგორც გენერალი ფედლი შეგვახსენებს „ჩვენი მისიაა ადამიანური საჭიროებების გათავისება იესოს სახელით“ (6) - ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე „წმინდა ბგერა“ - იგი ჩვენს მსახურებას ათავსებს ღმერთის მისიის შუაგულში. ამ მისიის მიზნით, არაფერი იქნება გაკეთებული, არც არის რაიმეს გაკეთება შესაძლებელი, მისი სახელის მიღმა.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

მხოლოდ იესო ქრისტეს სახელით!
-----------------------------
(1) მათე 18:20
(2) საქმეები 3:16
(3) საქმეები 2:38
(4) საქმეები 4:12
(5) საქმეები 19:13-16
(6) გენერალ ფედლის მოწოდება: „მოწოდება ჩართულობისაკენ“: ჩვენ არ უნდა დავუშვათ ადამიანების გაკიცხვა, მოვეპყოთ ადამიანებს პატივისცემითა და თანაგრძნობით, გვახსოვდეს ჩვენი მისია, რომ ქრისტეს სახელით გავითვალისწინოთ ადამიანთა საჭიროებები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

lørdag 11. mai 2019

რას ნიშნავს „პატივისცემა“?

მე არ მჭირდება ბევრი დრო სოციალურ მედიაში შეტყობინებებისა და კომენტარების წასაკითხად სანამ დავინტერესდები დაავიწყდათ თუ არა ადამიანებს რას ნიშნავს პატივისცემა. 

თუმცაღა, ჩემი შეკითხვა დღეს ეხება სიტყვის ეტიმოლოგიას და პატოვისცემის გამოხატვისადმი მოწოდებას (1). სიტყვა წარმოსდგება ლათინური სიტყვიდან 'respicere' და ნიშნავს „უკან მოხედვას“ ან „კვლავ ნახვას“. ჩემთვის ამას აქვს მინიმუმ ორი მნიშვნელობა:
1) ვნახო ადამიანი და ვაგრძნობინო მას თავი კვლავ და კვლავ “დანახულად“.
2) მოვეპყრო ადამიანს ისე, რომ როდესაც კვლავ შევხვდები, არ შერცხვეს.
როდესაც ბევრი წლის წინ ჩემს მეუღლეს მაგნას, უნდა მოეფიქრებინა სახელი სკოლისშემდგომი პროექტისათვის, რომელიც ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში გვქონდა, მან არჩია ეწოდებინა „მნახე!“ (2) როდესაც ბავშვები არიან დანახულნი და აღიარებულნი, ისინი იზრდებიან და ყალიბდებიან, რადგანაც გრძნობენ პატივისცემას. თუ ისინი არ არიან დანახულნი, ეცდებიან ყურადღება მიიქციონ ხშირად იმგვარად, რაც შესაძლოა არ იყოს კარგი გზა. ძალიან ხშირად მათ იციან, რომ რასაც აკეთებენ არ არის კარგი, თუმცა არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე იგრძნო უგულებელყოფა და გარიყულობა.

რეალურად, ზრდასრულები არიან ის ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ. ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ დანახულნი, და მექანიზმები, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ, როდესაც უგულებელყოფილად ვგრძნობთ თავს, ხშირად იმდაგვარია, როგორც ეს ბავშვობაში იყო.

მე ვიცი, რომ უფალი ჩემი მწყემსია (3) და რომ იგი ზრუნავს ჩემზე, იესომ საკუთარ თავს კეთილი მწყემსი უწოდა (4), და როგორც ღმერთმა გამოაგზავნა იგი ქვეყნიერებაში, ასევე გვაგზავნის იესო ჩვენ (5). ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი როლი, რომელიც ნაგულისხმევია მოწაფეობაში, არის მწყემსად ყოფნა = ადამიანები, რომლებიც ხედავენ სხვებს და ამგვარად ამჟღავნებენ პატივისცემასა და ჩართულობას.

ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ადამიანის ყველა ძეს...
ფსალმუნი 33:13
„ციური მანნა“ დღეისათვის:
... და ჩვენ ვართ მისი თვალები დედამიწაზე
----------------------------------
(1) გენერალ ფედლის მოწოდება: „მოწოდება ჩართულობისაკენ“: ჩვენ არ უნდა დავუშვათ ადამიანების გაკიცხვა, მოვეპყოთ ადამიანებს პატივისცემითა და თანაგრძნობით, გვახსოვდეს ჩვენი მისია, რომ ქრისტეს სახელით გავითვალისწინოთ ადამიანთა საჭიროებები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
(2) 'See me!'
(3) ფსალმუნი 23
(4) იოანე 10:11
(5) იოანე 20:21

lørdag 4. mai 2019

მე ჩართული ვარ

ივნისის ბოლოს მე წავალ ნორვეგიაში, სადაც კონგრესში მივიღებ მონაწილეობას. ეს იქნება „განსხვავებული“ კონგრესი, და მოუთმენლად ველი მას. კონკრეტულად, ველი „გრძელ მაგიდას“, რომელიც მოთავსებული იქნება მთავარ ქუჩაზე. მაგიდასთან ადგილები ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია დაჯდეს მაგიდასთან, გაიზიაროს საკვები და ურთიერთობა. არის რაღაც ღვთიური მაგიდის გარშემო გაზიარებაში. ნორვეგიელმა პოეტმა, ტრიგვე სკაუგიმ ეს ჩამოაყალიბა შესანიშნავად თავის მოკლე ნააზრევში Maundy Thursday-ში (1):
შემდეგ მაინ აიღო ჩემი გული
სწორედ სადილის შემდეგ
შესწირა მადლობა
აკურთხა გული და თქვა
ეს არის ჩემი გული
რომელიც განაგრძობს ფეთქვას და დაიწვება
ყველასთვის, ვინც არ იწამა
რომ არის ადგილი მათთვის
აქ, მაგიდასთან
მოდით, რადგანაც ყველაფერი დასრულებულია
მოდით, თქვენ ამ ადგილს ეკუთვნით
ეს მარტივი ლექსი არის გენერალ ფედლის „მოწოდება ჩართულობისაკენ“ შინაარსის ილუსტრირება გასაოცარი გზით. ადამიანების ჩართულობა გულის კარნახის ამბავია. ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ ეს ჩვენს მისიის განაცხადებში, შეგვიძლია ამის შესახებ კათედრებიდან ვიქადაგოთ, ჩვენ შეგვიძლია მოვათავსოთ მაგიდა მთავარ ქუჩაზე, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც „გარედან“ მოდიან, ეცოდინებათ მომდინარეობს თუ არა ეს გულიდან. თანაგრძნობის მსგავსად, ჩართულობასაც აქვს თავისი ფასი - იესომ განსაზღვრა ფასი თავის „ახალ“ მცნებაში:
როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
იოანე 13:34ბ
„ციური მანნა“ დღეისათვის
რადგანაც იესომ ჩამრთო მე, მეც უნდა ჩავრთო სხვები
------------------------------------------
(1) ლუკა 22:7-20
(2) „მოწოდება ჩართულობისაკენ“: ჩვენ არ უნდა დავუშვათ ადამიანების გაკიცხვა, მოვეპყოთ ადამიანებს პატივისცემითა და თანაგრძნობით, გვახსოვდეს ჩვენი მისია, რომ ქრისტეს სახელით გავითვალისწინოთ ადამიანთა საჭიროებები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

lørdag 27. april 2019

წაგებულს მიაქვს ყველაფერი!

„აბბას“ მუსიკა აგებულია დებულებაზე 
„გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი!“ 

ზოგჯერ თითქოს ეს ასეცაა, და მიწიერი გადმოსახედიდან, ეს თითქოს დამკვიდრებული ჭეშმარიტებაა. ასევე არსებობს ემპირიული დადასტურება, რომლითაც მტკიცდება, რომ ადამიანი, რომელიც დაბადებულია უფუნქციო ოჯახში, სადაც არ არსებობს საკმარისი ზრუნვის საშუალება უფრო მეტადაა მიდრეკილი კარგი ცხოვრებისაკენ, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც მზრუნველ და კარგად ფუნქციონირებად ოჯახშია დაბადებული. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფუნქციონალურობა და ზრუნვა არ არის დამოკიდებული ქონებაზე, თუმცა სიღატაკემ შესაძლოა მშობელს ხელი შეუშალოს მისცეს თავის შვილს საკმარისი ფიზიკური ზრუნვა.

მე ვიქნები პირველი, ვინც აღიარებს, რომ ეს სამყარო უსამართლოა. ვცხოვრობ რა ევროპის უღატაკეს ქვეყანაში, მე ამას ყოველდღიურ რეალობაში ვხედავ, და ვისურვებდი, მეტის გაკეთება შემძლებოდა ამასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, როგორ გავბედავ განვაცხადო, რომ „წაგებულს მიაქვს ყველაფერი!“?

რადგანაც ეს არის სულიერი პრინციპი. იესომ განაცხადა, რომ მე მოვიპოვე სიცოცხლე მისი დაკარგვით (1). მე მწამს, რომ ღმერთმა შემქმნა, რათა მქონდეს ურთიერთობა მასთან, მაგრამ ამასთანავე მან მომანიჭა უფლებამოსილება გავაკონტროლო საკუთარი სიცოცხლე და შევწირო იგი უფალს. ჯვარზე მყოფმა იესომ თქვა: „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული” (2) - მან დაკარგა სიცოცხლე, დაამარცხა სიკვდილი და მოიპოვა სიცოცხლე არა მხოლოდ მისთვის, არამედ ყველა მორწმუნისათვის.

ის, რომ „წაგებულს“ მიაქვს ყველაფერი, დასტურდება ამ მუხლითაც:
„სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი,
არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.“

კოლასელთა
3:11
მიუხედავად იმისა, რომ ერები თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მხოლოდ რამოდენიმე ეკლესია და ქრისტიანთა ნაწილი ებრძვის სიხარბეს. მიჩნეულია, რომ სიხარბე არის შვიდ მომაკვდინებელ ცოდვათაგან ერთ-ერთი, და მწამს, რომ ეს არის უმეტესი პრობლემის მიზეზი, რომელსაც ჩვენ დღეს სამყაროში ვხვდებით, მათ შორის ისეთი ბოროტებების, როგორიცაა ომები, სიღარიბე და კლიმატური კრიზისი. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ, როგორც ინდივიდები, საზოგადოება და ერები ვისურვებთ „წაგებას“, იმის ნაცვლად, რომ გვქონდეთ ძლიერი სურვილები და დავაგროვოთ რაც შეიძლება მეტი, ყველა მოიპოვებდა უკეთეს ცხოვრებას. ამგვარად, დიახ, 

მე მწამს, რომ „წაგებულს მიაქვს ყველაფერი!“

„ციური მანნა“ დღეისათვის:
ჩვენ ვიგებთ წაგებით!
-----------------------------------------
* ყველაზე სუსტი გუნდი! - „მოწოდება ღირებული თანაგრძნობისკენ“
(1) მათე 16:25
(2) ლუკა 23:46

lørdag 20. april 2019

ყველაზე სუსტი გუნდი!

„რომელია საუკეთესო გუნდი?“, მამაჩემმა ჰკითხა თავის ერთ-ერთ შვილიშვილს. რასაკვირველია 10 წლისამ უპასუხა „ვიკინგი“ - ადგილობრივი გუნდი. ბიჭუნამ მოაყოლა ხანგრძლივი განმარტება და ურყევი არგუმენტები იმის შესახებ, რატომ არის „ვიკინგი“ გაცილებით უკეთესი, ვიდრე სტუმრები. „მაშინ შენ შეგიძლია უგულშემატკივრო „ვიკინგებს“, ხოლო მე ვუგულშემატკივრებ სტუმრებს“ თქვა ბაბუამ და ისინი გაემართნენ მატჩის საყურებლად. „რატომ“ იყო შვილიშვილის შეწუხებული პასუხი. „რადგანაც ყველაზე სუსტ გუნდსაც ჭირდება გულშემატკივრობა!“, უპასუხა ბაბუამ.

ეს იყო „თვალის ჩაკვრით“ ნათქვამი, თუმცა ასევე აღწერს მამაჩემის ძირითად დამოკიდებულებასა და ფასეულობებს: იგი ყოველთვის სუსტის მხარეს იჭერდა.

როდესაც იესო ჯვარზე აღესრულა, იგი ფაქტიურად ყველაზე სუსტი გუნდის „მხარეს“ იყო, სადაც ორივე მხარეს იყო აჯანყება. თუმცა იგი ასევე ყველაზე სუსტი გუნდისთვის აღესრულა:
"მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი”.
მათე 9:12-13
ეს განაცხადი იყო იესოს პასუხი ფარისევლებისადმი, რომლებიც მას აკრიტიკებდნენ რომ იგი ჭამდა მებაჟეებთან და ცოდვილებთან. თუ „ხსნის არმია“ აღარ იქნება სუსტების გვერდით, ჩვენი მოწოდების მნიშვნელოვან ნაწილს დავკარგავთ. სწორედ ამიტომ შეგვახსენებს გენერალი ფედლი ავიღოთ პასუხისმგებლობა. ეს მოიცავს „ღირებულ თანაგრძნობას“ სუსტებისადმი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ სხვები, ვეძიოთ სამართლიანობა, გამოვიჩინოთ სულგრძელობა და მონაწილეობა მივიღოთ გამომსყიდველ ქმედებებში (1). როდესაც ამას ვაკეთებთ, ჩვენ ვიწყებთ იმის გაგებას, რას ნიშნავს „წყალობა მსურს და არა მსხვერპლი“.

მაშინ ჩვენ ვგულშემატკივრობთ არა მხოლოდ ყველაზე სუსტ გუნდს - ჩვენ ვხდებით ყველაზე სუსტი გუნდის ნაწილი - მოწყვლადი, როგორიც იესო გახდა, მაგრამ ჩვენ ამავე დროს ვხდებით გამარჯვებულნი!

„ციური მანნა“ დღეისათვის:
„საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. (2)
გილოცავთ აღდგომას!
-----------------------------------------
(1) „მოწოდება ღირებული თანაგრძნობისკენ“ არის მეორე მოწოდება პასუხისმგებლობის აღებისაკენ, გენერალ ფედლის „მოწოდება მისიისაკენ“.
(2) 2 კორინთელთა 12:9

lørdag 13. april 2019

სად წავიდა ყველა „დიადი ადამიანი“?

ჰიორდისი არ ყოფილა ჩემი „დეიდა“ ნათესაური კავშირის თვალსაზრისით. ამასთანავე, ბავშვები, რომლებიც ესწრებოდნენ უმცროსი ასაკის გაკვეთილებს საკვირაო სკოლაზე სტავანგერში 1950-იანი წლების ბოლოს, ეძახდნენ მას „დეიდა ჰიორდისს“. მე არ ვიცი რამდენი წლის განმავლობაში იყო იგი მსახურებაში, თუმცა მჯერა, რომ ეს იყო მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილის განმავლობაში. ჩემთვის იგი იყო ყოველთვის „მოხუცი“, თუმცა მნიშვნელოვანი ადამიანი. 

გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მშობლები წავიდნენ „საბრძოლო სკოლაში“ რათა გამხდარიყვნენ ოფიცრები, მე მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი, როდესაც ქალაქიდან გადავედით სხვაგან საცხოვრებლად. თუმცა ვიცი, „დეიდა ჰიორდისს“ ვახსოვდი, ლოცულობდა ჩემთვის და ყოველთვის, როდესაც არდადეგებზე ვბრუნდებოდი, იგი მესაუბრებოდა - და მე ვიყავი ერთ-ერთი იმ უამრავ ბავშვთაგანი, რომელიც მისგან მზრუნველობას იღებდა. მე ვგრძნობდი რომ მამჩნევდნენ, ვუყვარდი და ეს დადასტურდა მაშინაც, როდესაც სრულწლოვანი გავხდი და თავად გავხდი ოფიცერი. ჩემი აზრით, იგი სულაც არ ფიქრობდა, რომ ერთ-ერთი დიადი ადამიანი იყო ღვთის სამეფოში, მაგრამ როდესაც წავიკითხე რა თქვა იესომ, დავიჯერე, რომ იგი ასეთი ადამიანი იყო: 
უთხრა მათ:
„ვინც ღებულობს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ის ჩემს მომავლინებელსაც ღებულობს; ყველა თქვენგანში უმცირესი კი ყველაზე დიდი იქნება.“
ლუკა 9:48
მის მოგონებას შეეხო გენერალი ფედლის „მოწოდება აღზრდისა და ყველა თაობაზე ზრუნვისაკენ“, რომელიც გახლავთ პასუხისმგებლობის აღების მოწოდების პირველი პუნქტი (1). დიდება უფალს, ჩვენს გვერდით კვლავაც არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ და მოემზადონ, რათა პასუხისმგებლობა აიღონ ბავშვთა მსახურებაზე. გამოწვევა გახლავთ ის, რომ ისინი „წითელ სიაში“ არიან, რადგანაც მიეკუთვნებიან გაქრობის პირას მყოფ კატეგორიას - კონკრეტულად როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხანგრძლივ „დეიდა ჰიორდისის აღთქმაზე“.

არ არის რთული ჩართო ადამიანები ერთჯერად ღონისძიებაზე. თუმცა, „საშიშ“ საზოგადოებაში, სადაც სხვადასხვა თვალსაზრისის ქონის უპირატესობა ითვლება სწრაფვის უმაღლეს გამოვლინებად - ჩვენ კვლავაც გვჭირდება ადამიანები, რომელთაც სურთ განაცხადონ: “მე მზად ვარ მივესალმო და ვასწავლო ბავშვებს!“

„ციური მანნა“ დღეისათვის“

„მოგესალმებით იესო, მოგესალმებით!“
-------------------------------------
(1) მოწოდება აღზრდისა და ყველა თაობაზე ზრუნვისაკენ: ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ბავშვებზე, ახალგაზრდებზე და დამწყებ ლიდერებზე - აღვჭურვოთ, გავზარდოთ, გავაძლიეროთ და ვასწავლოთ ჩვენს ამჟამინდელ და მომავალ „ხსნის არმიას“.

lørdag 6. april 2019

გარდაქმნის მომცემი


სახარებას მოაქვს არა მხოლოდ სიცოცხლე, მას ასევე გარდაქმნაც მოაქვს. სწორედ ამიტომ, სიცოცხლე, რომელიც მას მოაქვს, „ახალი“ სიცოცხლეა. ადამიანი, რომელიც მიიღებს ხსნას, ხდება ახალი ქმნილება (1). სახარებაში დარწმუნების ქონა (2) მოიცავს, რომ ღვთის სიტყვა შთაგონებულია, იგი „ღვთისაგან შთაბერილია“ (3).

ეს არის სახარებისა და სულიწმინდის შერწყმა, რომელიც გახლავთ ის გარდამქმნელი ძალა. ღვთის სიტყვა გვაძლევს არაერთ კარგ რჩევას, და გვასწავლის როგორ უნდა ვიცხოვროთ. ეს ყოველივე კარგია და შეუძლია ცვლილებაც კი მოგვიტანოს. თუმცა, არსებობს დიდი განსხვავება „შევსებასა“ და მიმდინარე სრულ „გარდაქმნას“ შორის, რომელიც სულიწმიდისგანაა მართული ღვთის სიტყვაში.

„გარდაქმნა“ ხდება როდესაც ღვთის სიტყვა იქცევა ჩემს ნაწილად და მისით ვიწყებ ცხოვრებას.  შევსება ხდება გარედან, ხოლო გარდაქმნა მიმდინარეობს შიგნიდან და ქმნის მყარ საფუძველს:
 „...ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა“, თქვა იესომ.მათე 7:24
 სწორედ აქედან მომდინარეობს გარდაქმნილი სიცოცხლე, სწორედ აქაა დავანებული გარდაქმნილი სიცოცხლე, სწორედ აქ იდგება მყარად გარდაქმნილი სიცოცხლე ქარიშხალის დროს.
სახარება და სულიწმიდა შეიძლება მოხსენიებულ იქნას ერთი სიტყვით: იესო. მასში და მხოლოდ მასში შემიძლია მე მივაღწიო ღმერთისაგან ბოძებულ პოტენციალს.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მხოლოდ ქრისტეში!
-----------------------------------------------
(1) მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა; ძველმა განვლო და ახლა ყოველივე ახალია. 2 კორინთელთა 5:17
(2) მოწოდება დარწმუნებულობისაკენ სახარებაში
(3) მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის. 2 ტიმოთე 3:16-17

lørdag 30. mars 2019

სიცოცხლის მომცემი

როდესაც გენერალი ბრაიან ფედლი მოუწოდებს „ხსნია არმიას“ „სახარებისადმი ერთგულებისაკენ“ (1), ეს შეიძლება ასევე იყოს მოწოდება ყველა მორწმუნისადმი ქრისტიანულ ეკლესიაში, პავლეს დევიზი ადასტურებს სახარების სიძლიერეს:
ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად. ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.
რომაელთა 1:16
თუმცა, რწმენა მოქმედებს ბევრი ეტაპის მეშვეობით.

ამბავში იმ ქალის შესახებ, რომელიც თორმეტი წელი ავად იყო (2), მარტივია დავინახოთ ეს რამოდენიმე ეტაპი. პირველი, ჩვენ ვკითხულობთ, რომ მან „მოისმინა იესოზე“. პავლე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რწმენა მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ქრისტეს სიტყვისაგან“ (3) მოდის. მოგვიანებით, ჩვენ შევიტყობთ, რომ იგი „ფიქრობდა“. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი ეტაპი, რადგანაც, ეს ფოქრობს, რომ რასაც გაიგებ, უნდა განხორციელდეს შენს ცხოვრებაში, და ქალი ფიქრობდა: „მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.“
თუმცა, აქ რომ დასრულებულიყო, ეს იქნებოდა სასიამოვნო და მანუგეშებელი ფიქრი, საბედნიეროდ, ქალმა გადადგა შემდეგი ნაბიჯი და მოიქცა მისი რწმენისამებრ, იგი მიუახლოვდა იესოს, როდესაც იგი უამრავი ხალხით გარშემორტყმული იყო და შეეხო მის სამოსელს. მან გამოსცადა მყისიერი განკურნება, თუმცა, კვლავაც: აქ რომ დასრულებულიყო, ეს იქნებოდა მხოლოდ განკურნება.

იესომ იცოდა ეს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მას უნდოდა, რომ ქალი საჯაროდ გამოსულიყო. მე მჯერა, რომ იესომ იცოდა ვინ შეეხო მის სამოსელს, მაგრამ ეს ქალის ბაგეთაგან უნდა მოესმინა, რწმენის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის მისი რწმენის აღიარება და ის, რაც მოხდა. თუმცაღა, შიშით ათრთოლებული, მაგრამ, ქალი ასევე მზად იყო გადაედგა ეს ნაბიჯი და მან „უთხრა მთელი სიმართლე“.

„ერთგულება სახარებისადმი“ - ნიშნავს იმოქმედო ყველა ზემოთ აღნიშნული ეტაპის მიხედვით. ეს არის ხსნის საკითხი, ეს არის სიცოცხლის მომცემი საკითხი.

„ციური მანნა“ დღეისათვის.
სახარებას მოაქვს სიცოცხლე!
-----------------------------------------
(1) მოწოდება სახარების მიმართ ერთგულებისადმი: როდესაც ჩვენ სახარების კეთილ უწყებას ვუზიარებთ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ მისი ძალა ხსნისა და ტრანსფორმაციისადმი. სულიწმიდის ძალის მეშვეობით, ადამიანებს შეუძლიათ გათავისუფლდნენ ყველაფრისაგან, რაც აკავებთ მათ ღმერთისგან ბოძებულ პოტენციალთან მიახლოებას.
(2) მარკოზი 5:25-34
(3) რომაელთა 10:17

lørdag 23. mars 2019

რა არის შესაბამისი თაყვანისცემა?

თუ დავაკვირდებით იმ ეკლესიებს, რომლებიც იზრდებიან - ერთ-ერთი თვისება გახლავთ ის, რომ ადამიანები დადიან ეკლესიაში, რადგანაც ადამიანებისათვის თაყვანისცემა არის შესაბამისი (2). მე რომ ჩავატარო ღია გამოკითხვა, და ვკითხო ადამიანებს, რას ნიშნავს შესაბამისი თაყვანისცემა, დარწმუნებული ვარ, პასუხების ფართო ნუსხას მივიღებ. ვფიქრობ, ასაკი, კულტურული წარმომავლობა, მოლოდინები, ურთიერთობები, ბალანსი მიმღებსა და მწარმოებელს შორის, იქნება ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას მოახდენენ პასუხზე.

დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვანია თაყვანისცემის დაგეგმვა ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით. არასდროს უნდა დავივიწყოთ იესოს სიტყვები:
„ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლებიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს.“
იოანე 
4:24
მე ვცხოვრობ იმ კულტურაში, რომელიც განსხვავებულია იმ კულტურისაგან, სადაც მე გავიზარდე. მრავალი კუთხით, მე საერთოდ არ ვარ კულტურულად რელევანტური. მე ვერ მოვაჩვენებ თავს, რომ მოლდოველი, ქართველი, ან რომელიმე სხვა კულტურის წარმომადგენელი ვარ, რაც ასე განსხვავდება ჩემი კულტურისაგან. თუმცა მე შემიძლია ვიყო აუთენტური და მართალი თაყვანისცემაში. მე შემიძლია ძალისხმევა არ დავიშურო დავამყარო ურთიერთობა ადამიანებთან, რომელთაც მე ვხვდები და შემიძლია ვილოცო, რომ იესოს სიყვარული გადმოიფრქვევა ჩემგან. მე შემიძლია გავამხნევო სხვა კულტურის წარმომადგენლები რათა ისინი იყვნენ აუთენტურნი და მართალნი თაყვანისცემაში და მონახონ ის გამოხატულება, რომელიც მათ აკავშირებს მათი ასაკობრივი ჯგუფის და კულტურის ადამიანებთან.

რამოდენიმე წლის წინ, მე კავშირი მქონდა ეკლესიის წარმომადგენლებთან, სადაც უმეტესად შავი ტყავის ტანსაცმელში ჩაცმული ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ატარებდნენ პირსინგს და ჯაჭვებს. მე ვერ ვიზიარებდი მათ სტილს, მაგრამ მესმოდა მათი სწრაფვა. რამოდენიმე წლის განმავლობაში, მე ჩართული ვიყავი უაზარმაზარ „ქრისტიანულ სპორტულ გაერთიანებაში“ ნორვეგიაში. მათ ჩემთან საერთო ჰქონდათ ის, რომ იყვნენ ახალგაზრდები, აქტიურები სპორტში და ჰქონდათ ქრისტიანული რწმენა. წლების მანძილზე ისინი იწვევდნენ პენსიონერ „მოხუც“ პასტორს (1), როგორც მთავარ მქადაგებელს ზაფხულის ბანაკების დროს, სადაც იკრიბებოდა ასობით ახალგაზრდა. მიზეზი: მოხუცი პასტორი იყო აუთენტური, მართალი და სავსე სწრაფვით კომუნიკაციის დროს. იგი სიცოცხლის მომტანი იყო.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
აუთენტურობა, სიყვარული და ცხოვრება შესაბამისია ყველა კულტურაში.
--------------------------------------------
(1) ედინ ლვოვა (1920-2014) - აუთენტურობა, სიყვარული და ცხოვრება!
(2) გენერალ ბრაიან ფედლის „მისიისკენ მოწოდების“ :
მოწოდება თაყვანისცემისკენ: ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ღმერთის გამომსყიდველობითი სიყვარული ჩვენი თაყვანისცემის მეშვეობით, კულტურულად შესაბამისი გზების ძიებით, რათა ერთად შევიკრიბოთ და თაყვანი ვცეთ და მადლობა მივუძღვნათ ღმერთს როდესაც მივდივართ და ვესალმებით ხალხს. 

lørdag 16. mars 2019

დაკავებული სხვებისთვის

ბოლო ათი კვირის განმავლობაში მე ყურადღებას ვამახვილებდი მოწოდებაზე „იყავი მზად“, რაც გახლავთ გენერალ ბრაიან ფედლის „მისიისკენ მოწოდების“ პირველი ნაწილი (1). დღეს მე ვიწყებ მოწოდებას „იყავი დაკავებული“ (2)

გთავაზობთ რამოდენიმე არჩეულ ციტატას:

„თქვენ ხართ ჩემი მოწმენი! ამბობს უფალი
და ჩემი მსახურნი, რომელნიც მე ავირჩიე...“
ესაია 
43:10ა

„ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი...“ ამბობს იესო
მათე 
18:19ა

„... არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ, ის რაც გვიხილავს და მოგვისმენია.“ ამბობს პეტრე
საქმეები 
4:20ბ

სული და სასძლო ამბობენ „მოდი!“ გამგონემაც თქვას „მოდი!“ ამბობს იოანე
გამოცხადება 
22:17ა

„მე ძალისხმევას არ დავიშურებ ვაჩვენო, რომ ქრისტიანობა არის არსებითად სოციალური რელიგია; და მისი ერთადერთ რელიგიად გადაქცევა, ჭეშმარიტად მის ნგრევას გამოიწვევს“ ამბობს ჯონ უესლი (3)

„სხვები“ ამბობს უილიამ ბუთი - და ამით ყველაფერია ნათქვამი.

დაგენსის „ციური მანნა“:

ხსნილი ხსნისათვის & ხსნილი მსახურებისათვის
---------------------------------
(1) „მისიისკენ მოწოდების“

(2) მოწოდება მსახურებისაკენ: სხვების მიმართ მსახურება უნდა იყოს ჩვენი მისიის პრიორიტეტი. ჩვენ უნდა დავაფასოთ ოფიცრობა, ადგილობრივი ოფიცრობა, ჯარისკაცობა, მეგობრობა და უმცროსი ჯარისკაცობა, გავაცნობიერებთ რა, რომ „ხსნის არმიის“ ბევრი თანამშრომელი და მოხალისე არის მნიშვნელოვანი ჩვენი დავალების შესასრულებლად.

მოწოდება თაყვანისცემისკენ: ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ღმერთის გამომსყიდველობითი სიყვარული ჩვენი თაყვანისცემის მეშვეობით, კულტურულად შესაბამისი გზების ძიებით, რათა ერთად შევიკრიბოთ და თაყვანი ვცეთ და მადლობა მივუძღვნათ ღმერთს როდესაც მივდივართ და ვესალმებით ხალხს.

მოწოდება სახარების მიმართ ერთგულებისადმი: როდესაც ჩვენ სახარების კეთილ უწყებას ვუზიარებთ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ მისი ძალა ხსნისა და ტრანსფორმაციისადმი. სულიწმიდის ძალის მეშვეობით, ადამიანებს შეუძლიათ გათავისუფლდნენ ყველაფრისაგან, რაც აკავებთ მათ ღმერთისგან ბოძებულ პოტენციალთან მიახლოებას.

(3) „არა სიწმიდე, არამედ სოციალური სიწმიდე“ წიგნიდან „ჩვენი უფლის ქადაგება მთაზე“ IV – ქადაგება XIX – „უესლის სტანდარტული ქადაგებები“ ტომი I - Francis Asbury Press - გრანდ რაფიდსი - 1955 წელი, გვ. 382

* სურათი წინა გვერდზე ჰაროლდ ჰილსის წიგნიდან - რეკომენდირებულია

lørdag 9. mars 2019

იმედი ჯოჯოხეთში!

ვლადი
ბევრი წლის წინათ მე შევხვდი ვილის პირველად. იგი ეწეოდა ევანგელიზაციას ქუჩაში დღისით და პროდუქტებს უნაწილებდა იმ ადამიანებს, რომელთაც ღამით ქუჩაში ეძინათ. მისი დამოწმება ძალიან მარტივი იყო:

„რადგანაც მე ვიცი რა არის ბოროტი და ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთი იყო, მწამდა. რომ სადღაც უნდა არსებულიყო სამოთხე და კეთილი ღმერთი. მე ვეძებდი და ვიპოვნე იგი!“

ზოგიერთი ადამიანი გამოცდის ჯოჯოხეთს დედამიწაზე. მე ეს გამახსენდა კიდევ ერთხელ, როდესაც მოლდოვაში შევხვდი პატიმრებს, რომელთაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ერთ-ერთი მათგანი, ვლადი, გახდა „ხსნის არმიის“ მეგობარი და მან მომცა ნახატი, რომელმაც დამაფიქრა ვილის დამოწმებაზე. 


ვლადის ფერწერა
ვლადი ეძიებდა ღმერთს იესო ქრისტეს მეშვეობით, მან იპოვნა იგი, როდესაც „ჯოჯოხეთში“ იყო. ბევრ მის მეგობარსაც იგივე გამოცდილება აქვს. 

ვიღაც ზრუნავდა და ვიღაც ზრუნავს. გასულ კვირაში მე ვწერდი, რომ ზრუნვა ზემოქმედებას ახდენს ღმერთის „ახლა“-ზე. ვლადმა იცის სად ცხოვრობს, და რომ ეს არ არის „ჯოჯოხეთი“, მიუხედავად იმისა, რომ პირობები მის გარშემო არ შეცვლილა. ვლადი ცხოვრობს ქრისტეში. სხვათა შორის, იგი დათანხმდა გამეზიარებინა თქვენთვის ეს ყოველივე და ციხის ხელმძღვანელობამ ნება დაგვრთო გადაგვეღო სურათები. ბევრი კეთილი ადამიანი მუშაობს ამ სისტემაში, რომლებიც ცდილობენ პატიმრებს გაუუმჯობესონ პირობები. არსებობს იმის იმედიც, რომ კანონში შევა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სამუდამო პატიმრობაში მყოფ პატიმრებს საშუალება მიეცემათ გათავისუფლდნენ, სანამ ღმერთი წაიყვანს მათ სასუფეველში. ჩვენ მათთან ერთად ვლოცულობთ და ვიმედოვნებთ.

ამის გამოქვეყნებით მე იმედი მაქვს, რომ თუ თქვენ რთულ პერიოდს გადიხართ - შესაძლოა ამას „ჯოჯოხეთსაც“ კი უწოდებთ, იცოდეთ, რომ ყოველთვის არსებობს იმედი იესო ქრისტეში:
რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ? ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას. ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით. ხოლო გულების მცდელმა იცის, როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმიდათა მეოხი ღვთის ნებით.
რომაელთა 8:24-27
„ციური მანნა“ დღეისათვის:
ყოველთვის არსებობს იმედი!

lørdag 2. mars 2019

ზრუნვამ მოახდინა გავლენა ღმერთის „ახლა“-ზე?

როდესაც „მძლეველთა სესიის“ კადეტი ვიყავი ქ. ლონდონში 1974-76 წლებში, კამპანია „ღვთის გულისათვის, იზრუნეთ“, კვლავაც „ხსნის არმიის“ ძლიერი ყურადღების ქვეშ იყო. 
2019 წელს, დაახლოებით 45 წლის შემდეგ, „ხსნის არმია“ რუმინეთში ზეიმობს თავისი მსახურების 20 წლის თავს. მათ აირჩიეს „სიყვარული და ზრუნვა“, რათა გადმოეცათ რას მოიცავს ჩვენი მსახურება.

მე მჯერა, რომ სიყვარულს და ზრუნვას გავლენა ექნება ღმერთის „ახლა“-ზე, და კვლავ დავუბრუნდები იოანეს სახარებას.

ხუთმა ადამიანმა, რომელთაც ძლიერ უყვარდათ იესო, არ მიატოვეს იგი მისთვის ყველაზე რთულ დროს. ამ ხუთ ადამიანს შორის იყვნენ მარიამი და იოანე. ხუთი ადამიანი, ზრუნვით მიყვებოდნენ ფეხდაფეხ ჯვარს. როდესაც იესომ ისინი იქ მდგომნი დაინახა, დარწმუნებული ვარ, ზრუნავდა ხუთივე მათგანზე, ისევე როგორც იგი ზრუნავს სრულიად კაცობრიობაზე. თუმცა, მისი ცხოვრების უკანასკნელი გაბრძოლების დროს, მან დაგვანახა, რას გულისხმობს ზრუნვა სრულიად კაცობრიობისათვის, იგი მიუბრუნდა თავის დედას და იოანეს და სთხოვა ეზრუნათ ერთმანეთზე როგორც დედა-შვილს.

დარწმუნებული ვარ, მიღებულმა ზრუნვამ და გაცემულმა ზრუნვამ უდიდესი გავლენა მოახდინა ღმერთის უმნიშვნელოვანეს „ახლა“-ზე მარადიულად = იესომ წამოიძახა:
„აღსრულდა.“
იოანე 19:30
ნორვეგიულ ენაში ჩვენ გვაქვს ერთი სიტყვა „აღსრულდა“, რომელიც ითარგმნება „მოხდა მისი დასრულება“ ან „შესრულებულია“. ორმხრივმა სიყვარულმა და ზრუნვამ მისი მისია მიიყვანა აღსრულებამდე. სიცოცხლე ვერ იარსებებს სიყვარულისა და ზრუნვის გარეშე. მე ვერ ვიზრუნებ, თუ არ ძალმიძს მივიღო ზრუნვა, და მე ვერ მეყვარება, თუ არ შემიძლია მივიღო სიყვარული. როდესაც სიყვარული და ზრუნვა გამოიყოფა, ჩვენ ვხედავთ როგორ აღსრულდა ღმერთის „ახლა“ და სრულიად მისიის აღსრულება მოახლოებულია.

ციური მანნა დღეისათვის:
ღვთის გულისათვის, იზრუნეთ!

lørdag 23. februar 2019

ბერძნებმა მოახდინეს გავლენა ღმერთის „ახლა“-ზე?

თუ ჩემს ბლოგებს კითხულობდით გასული კვირეების განმავლობაში, გეცოდინებათ, რომ მე მწამს, პასუხი არის „დიახ“. სანამ მიზეზს აგიხსნიდეთ, მე მჯერა, რომ ყოველივეს, რაც იოანემ აარჩია, შეეტანა თავის სახარებაში, ჰქონდა მიზანი:
მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ, რაც ამ წიგნში არ დაწერილა, ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რათა მორწმუნეებს სიცოცხლე გქონდეთ მის სახელში.იოანე 20:30-31
არაფერია დაწერილი შემთხვევით. იმ შემთხვევაშიც, თუ გეჩვენებათ, რომ რაღაც უმნიშვნელო ინფორმაციაა, იგი შეიძლება იყოს იოანეს მხრიდან მკაცრად რედაქტირებული მონათხრობი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმის გასაცნობიერებლად, თუ ვინ არის იესო და რას ნიშნავს ხსნა.

იოანესთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩაეწერა, რომ ფილიპემ და ანდრიამ იესოს უთხრეს რა უთხრეს მათ ბერძნებმა: „ბატონო, იესოს ნახვა გვსურს“. იესო თითქოს სწორედ ამას ელოდა. მან უპასუხა:
„დადგა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა!“იოანე 12:23
ამ ამბავში არ არის მოთხრობილი იესოსა და ბერძნების პირისპირ შეხვედრის ამბავი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისინი იყვნენ იმ ადამიანთა შორის, რომლებიც მოგვიანებით ამოწმებდნენ იესოს შესახებ.
ამგვარად, განცხადებამ „იესოს ნახვა გვსურს“, მოახდინა გავლენა ღმერთის „ახლა“-ზე?
იესოს მიზანი იყო გაეზიარებინა, რომ სახარება ხელმისაწვდომია „ნებისმიერისთვის“, არ არის შეზღუდული მხოლოდ ღმერთის რჩეული ერით, ბერძნები იყვნენ წარმართების სინონიმი (1). როდესაც ხალხთა მასიდან გამოითქვა სურვილი ენახა „იესო“ - მე მწამს, რომ იესომ მიიღო ნიშანი „მისია შესრულებულია“ = „ღმერთის ახლა“ დადგა. ეს დადასტურდა ორი იუდეველის მიერ = ფილიპემ და ანდრიამ, უთხრეს იესოს ბერძნების სურვილის შესახებ. 

არაფერია, უფრო ძლიერი დამაბრკოლებელი, რათა შევიგრძნოთ ღმერთის „ახლა“, ვიდრე რასიზმი. დღეისათვის, ეს „ჭირი“ გავლენას ახდენს, ისეთ საზოგადოებაზეც კი, რომელიც ატარებს „ქრისტიანის“ სახელს. ქრისტიანისა და რასიზმის შერწყმა შეუძლებელია, რადგანაც „ქრისტეში... აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი“ (2) - ჩვენ ადამიანები ვართ.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
ქრისტეში ერთობა გავლენას ახდენს ღმერთის „ახლა“-ზე!
----------------------------------------
(1) პავლემ გაგვიზიარა მისი მრწამსი: ქრისტეს სახარება „... ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისა.“ რომაელთა 1:16
(2) გალატელთა 3:28ა

lørdag 16. februar 2019

ცნობისმოყვარეობამ მოახდინა გავლენა ღმერთის „ახლა“-ზე?

ღმერთის „ახლა“-ზე ფიქრისას, მე მივუახლოვდი იმ მომენტს, როდესაც იესომ თქვა: „ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა“. ეს მან განაცხადა მისი ძმების პასუხად, როდესაც ძმები არწმუნებდნენ წასულიყო იუდეაში კარვობის დღესასწაულზე (1). იესომ უთხრა ძმებს, რომ მათ შეეძლოთ წასულიყვნენ. ისინი წავიდნენ დღესასწაულზე, იესო კი დარჩა გალილეაში, და ამბავი გრძელდება:
„მაგრამ მას მერე, რაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, თვითონაც ავიდა, ოღონდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.“
იოანე
7:10
მაშ, რამ შეაცვლევინა იესოს გადაწყვეტილება? ამჯერად რამ მოახდინა გავლენა ღმერთის „ახლა“-ზე?
ვფიქრობ, პასუხს ვიპოვნით შემდეგ მუხლში:

იუდეველნი კი ეძებდნენ დღესასწაულზე და კითხულობდნენ, 

ის სად არისო?
თითქოს იუდეველი ლიდერები ეძებდნენ მას ცუდი განზრახვით, თუმცა დღესასწაულზე მყოფი ადამიანები „ეძებდნენ“ მას, რადგანაც „ამბობდნენ კეთილიაო“ (მ.12).

როდესაც იერემიამ ტყვეობაში მყოფ ღმერთის რჩეულ ხალხს გაუზიარა სიტყვა მომავალსა და იმედზე, მან ასევე გააჟღერა დაპირება:

“ძებნას დამიწყებთ და მიპოვით, როცა მთელი გულით მომძებნით. თავს გაპოვნინებთ“
იერემია
29:13-14ა
როდესაც ადამიანები გულით მიძღვნილნი და წრფელნი არიან ღმერთის ძიებაში, მე მწამს, რომ ისინი გავლენას მოახდენენ ღმერთის „ახლა“-ზე. მე მწამს, რომ იგი უკვე იქაა, „მაგრამ ფარულად“!

„ციური მანნა“ დღეისათვის

ღმერთი იქაა სადაც თქვენ ხართ - ფარულად
-------------------------------------------
(1) იოანე 7:1-13

lørdag 9. februar 2019

სამარიელ დედაკაცზე მოახდინა გავლენა ღმერთის „ახლა“-მ?

გასულ კვირას მე დავსვი რამოდენიმე შეკითხვა მარიამთან, იესოს დედასთან მიმართებაში. დღეს მე ვესტუმრები იაკობის ჭას, სიქართან ახლოს, სამარიაში და თვალყურს მივადევნებ საუბარს იესოსა და სამარიელ დედაკაცს შორის. ბიბლიის მკითხველთათვის, იოანეს სახარების მე-4 თავიდან ეს ამბავი კარგად ნაცნობია, და იოანეს სახარების დარჩენილი ნაწილის მსგავსად ვხვდებით ჭეშმარიტების არაერთ ფენას, როგორც დაფარულს, ასევე ცხადს, და იგი იმსახურებს, რომ კვლავ და კვლავ დავუბრუნდეთ მას.

რაღაც მომენტში, იოანე თითქოს დასცინის დედაკაცის უვიცობას იმასთან დაკავშირებით, რის თქმასაც იესო ცდილობდა მისთვის. შემდეგ, იოანე ვარაუდობს, რომ დედაკაცმა შეიცნო სულიერი ჭეშმარიტება, რომელიც სწავლულებისთვის, როგორიცაა ნიკოდემოსი ამოუცნობი საიდუმლო იყო. სწორედ ამიტომ მიყვარს მისი სახარება და მივიჩნევ მას როგორც შედევრს.

როდესაც იესო საუბრობს წყალზე რომლის მიცემაც მას შეუძლია, დედაკაცი პასუხობს: „ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ“. მრავალი წლის განმავლობაში მე ვფიქრობდი და ვასწავლიდი, რომ მან ვერ გაიგო რის შესახებ საუბრობდა იესო. მაგრამ, იქნებ გაიგო? ცნობილია, რომ იაკობის ჭას ჰქონდა რელიგიური მნიშვნელობა. შესაძლოა ეს იყო მისი რელიგიური წყურვილის ნაწილი, რომელმაც იგი მოიყვანა ამ სპეციალურ ჭასთან? მთელი საუბრის კონტექსტში, მე მჯერა, რომ იგი სწორედ ამას გულისხმობდა.

როდესაც დედაკაცმა მოგვიანებით ჰკითხა, სად იყო ჭეშმარიტი ადგილი თაყვანისცემისთვის, მე მწამს, რომ იესომ იცოდა, რომ მას სურდა შეეტყო რას ნიშნავს თაყვანისცემა და უპასუხა:
„მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“
იოანე 4:23
ამგვარად, დიახ, მე მწამს, რომ დედაკაცზე ზემოქმედება მოახდინა ღმერთის „ახლა“-მ. იესომ თქვა „დგება ჟამი“ - რაც მიუთითებს მომავალზე, თუმცა დედაკაცისთვის ეს იყო გამოვლენილი, და მას სწამდა, რომ ჭეშმარიტებაა, იესომ განაგრძო: „და დადგა კიდეც“.

„ციური მანნა“ დღეისათვის
რწმენა, რომელშიც ღმერთი გამოვლინდა ჩემს წინაშე, გავლენას ახდენს მის „ახლა“-ზე!
-------------------------------------

lørdag 2. februar 2019

მარიამმა მოახდინა ზეგავლენა ღმერთის „ახლა“-ზე

მე ამ შეკითხვას ვსვამ მოწოდების კონტექსტში, რათა ვიყოთ „ბრძოლისათვის მზად “ახლა“ (1). ეჭვგარეშეა, რომ მარიამმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, როდესაც მან შვა ღვთის ძე. მისმა მზადყოფნამ მნიშვნელოვანი წილი შეასრულა ღმერთის განზრახვაზე მომხდარიყო ეს ახლა. თუმცაღა, დღეს მე ყურადღებას გავამახვილებ მის როლზე იესოს პირველ სასწაულში.

ეს მოხდა კანაში ქორწილის დროს, როდესაც მარიამმა შეიტყო შემაცბუნებელი სიახლე იმის შესახებ, რომ მასპინძელს უთავდებოდა ღვინო, ქორწილი კი ჯერ არ დამთავრებულიყო, მან ეს ამბავი შვილს უთხრა. ხოლო იესომ მოულოდნელად შეაწყვეტინა მას და უთხრა:
„იესომ მიუგო: „რა, მე დ შენ დედაკაცო? ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა.“იოანე 2:4
როდესაც იესომ მიუგო „ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა“ - ეს მიმანიშნებს რომ იგი კვლავაც ელოდა მამისაგან როდის დადგებოდა „ახლა“. მაშ, რამ აიძულა იესო შეეცვალა აზრი?

მე მჯერა, რომ ეს იყო მარიამი - მას კიდევ ერთხელ არ წამოუჭრია ეს საკითხი იესოს წინაშე, არამედ მსახურებს უთხრა: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით“.

მარიამს არ ჰქონია ნანახი რაიმე სასწაული იესოსაგან, თუმცა ბევრ სიტყვას ინახავდა მის შესახებ გულში. მას სწამდა იესოსი, და ამას ამჟღავნებდა ქმედებაშიც და სიტყვებითაც. მსგავსი რწმენა შეეხო მისი შვილის გულს. რადგანაც მარიამმა რწმენით შვა იესო, იგივე რწმენითა და სიყვარულით მან მისცა დასაბამი მისიას, რომელიც იესოს უნდა შეესრულებინა.

მე მწამს, რომ რწმენა და სიყვარული კვლავაც ეხება ძის გულს.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
რწმენასა და სიყვარულს შეუძლია გარდაქმნას „ახლა“ ღმერთის სწორ მომენტად.
მე კვლავ გაგიზიარებთ ნააზრევს, როგორ შეგვიძლია ზეგავლენა მოვახდინოთ ღმერთის „ახლა“-ზე შემდეგ ბლოგებში (2)
------------------------------
(1) იცი რა არის ლოცვა?
(2) ასევე იხილეთ „ახლაა ჟამი“

lørdag 26. januar 2019

„ლოდინის ხელოვნება“ - მნიშვნელოვანი სტრატეგია

იყო ნაწილი „ბრძოლისთვის მზადყოფნისა“ * არის პასუხი სულიწმიდისათვის. იესომ დაიწყო სწავლება სულიწმიდის შესახებ, როგორც კი დაიწყო მოწაფეების დამოძღვრა. იესომ ნათლად განაცხადა, რომ სულიწმიდა არის საუკეთესო ძღვენი, რომელიც მისმა მამამ შეიძლება მოგვცეს:
„ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისათვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“.
ლუკა 11:13
1972 წელს, როდესაც მე გამოვცადე სულიწმიდა, როგორც რეალური ძალა ჩემ ცხოვრებაში, ეს მუხლი იქცა ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მუხლად. როდესაც გარკვეული წლების შემდეგ მე გავხდი მამა, და მსურდა საუკეთესო მიმეცა ჩემი შვილებისათვის, ამ მუხლმა კიდევ უფრო ძლიერად იმოქმედა ჩემზე. გამოწვევა გახლავთ ის, რომ ღმერთი არასოდეს შეიჭრება მისი შვილების პირად ცხოვრებაში. ჩვენ მას უნდა ვთხოვოთ, მოგვცეს სულიწმიდა, სწორედ ისე, როგორც იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, რომ სანამ ზეცად ამაღლდებოდა, მან განაცხადა:
„იერუსალიმს ნუ გაშორდებით, არამედ დაელოდეთ მამის მიერ აღთქმულს, ჩემგან რომ მოისმინეთ.“
საქმეები 1:4
თუმცა, ალბათ უცნაური იქნება, თუ მე მივიჩნევ „ლოდინის ხელოვნებას“ როგორც პასიურ სტრატეგიას. მე ვერ წარმომიდგენია რაიმე იმაზე უფრო აქტიური, ვიდრე ბავშვები შობის პერიოდში როგორ ელოდებიან საჩუქრების გახსნას. ლოდინი ბიბლიაში უფრო მეტად უკავშირდება მოლოდინს, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მოველი რაღაცას, როგორ განხორციელდება ჩემს ცხოვრებაში. ნათლისმცემლის შესახებ ამბის თხრობისას, ლუკა წერდა, რომ „ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ფიქრობდა იოანეზე - ქრისტე ხომ არ არისო“ - ლუკა 3:15

ღმერთმა მე მომანდო ინიციატივა იმისა, რომ მივიღო სულიწმიდა. სტრატეგია არის ლოცვა და ლოდინი “მომლოდინედ“ - ყველაფერთან ერთად ღმერთმა შეასრულა თავისი ნაწილი, როდესაც გადმოღვარა სულიწმიდა.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე მოველი, რომ სულიწმიდა მესაუბრება და გამიძღვება - ახლა!
----------------------------------
* გენერალ ფედლის მოწოდება
„მე მწამს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რისი გაკეთება სურს ღმერთს ჩვენთვის და ჩვენი მეშვეობით. ეს გახლავთ ლოცვისაკენ მოწოდება, სიწმიდისაკენ მოწოდება და მოწოდება „ბრძოლის მზადყოფნისაკენ“ ახლა. ეს გახლავთ დაუყოვნებელი მოწოდება, რომელსაც ვერ ვუარყოფთ. მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჭირდებათ იესო.“ 

lørdag 19. januar 2019

ლოცვა აღემატება მხოლოდ თხოვნას

გასულ კვირას მე გაგიზიარეთ გარკვეული ნააზრევი ლოცვის შესახებ და ამას თან დავურთე უწყება გენერალ ბრაიან ფედლისგან (1), სადაც იგი მოუწოდებს ლოცვისაკენ. თუ გასული კვირის ჩანაწერს წაიკითხავთ, გემახსოვრებათ, რომ მე გთხოვეთ დაფიქრებულიყავით ამ მუხლზე კვირის განმავლობაში:

მე გეუბნებით ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს ღებულობს; ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
ლუკა 11:9-10
მათთვის, ვინც ბიბლიას კითხულობს, ეს მუხლები ნაცნობი იქნება, თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ არსებობს საკითხის სამი გამოხატულება - ეგრეთ წოდებული „პლეონაზმი“. ვფიქრობ, პრეზუმცია არის ცდომილება. პირველივე სწავლებაში ლოცვის შესახებ, იესომ მოგვცა ნათელი უწყება, რომ ლოცვა არის გაცილებით მეტი - ვიდრე მხოლოდ თხოვნა. სამწუხაროდ, ჩვენი ლოცვები ხშირად შეზღუდულია მხოლოდ ღმერთისადმი თხოვნით. თუმცა, ლოცვა ასევე მოიცავს

ძიებას

მე არ მომწონს ისეთი ნივთების ძიება, რომელთა პოვნა ჩემთვის შეუძლებელია, თუმცა მიყვარს სიახლეების აღმოჩენა. აქედან გამომდინარე, უფრო საინტერესო ხდება იმაზე ფიქრი, რომ: ლოცვა არის მოგზაურობა აღმოჩენებში, და ამ მოგზაურობაში, მე ყოველთვის აღმოვაჩენ ხოლმე ახალ ნივთებს, რომლებიც ჩემი განვითარებისათვის აუცილებელია. მე მეტს შევიტყობ ღმერთისა და საკუთარი თავის შესახებ. უფრო მეტიც, ლოცვა ასევე მოიცავს

დაკაკუნებას

იესოს ძალიან აწუხებდა დაჟინებულობის საკითხი - მათ შორის ლოცვაშიც. იგავი შეუპოვარი ქვრივის შესახებ (2) ამის ტიპიური მაგალითია. მე ხშირად ვიყენებ იმ თამაშის ილუსტრაციას, რომელსაც სხვა ბავშვებთან ერთად ხშირად ვთამაშობდი ხოლმე, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი - თამაშის სახელი იყო, რითმა ნორვეგიულად. და ჩემი აზრით, თარგმანი „დააკაკუნე და გაქრი“ სრულიად შესაბამისია. ჩვენ უბრალოდ, ვაკაკუნებდით რომელიმე კარზე, გავრბოდით, ვიმალებოდით და ვბაძავდით იმ ადამიანის სახის გამომეტყველებას, რომელიც მიხვდა, რომ მოატყუეს. არ არის კარგი საქციელი, მაგრამ ბავშვებისთვის გასართობია...

ლოცვა არის კაკუნი ღმერთის კარზე და კართან გაჩერება, სანამ კარი ღიაა. სხვადასხვაგვარად, კაკუნი გაისმის კარის ორივე მხარეს (3). ესეც გახლავთ ლოცვის ნაწილი, რომ უფალი შემოვა ჩემი გულის კარში. საბედნიეროდ, იგი საკმაოდ შეუპოვარია!

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე განვაგრძობ კაკუნს!
-----------------------------------------
(1) „მე მწამს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რისი გაკეთება სურს ღმერთს ჩვენთვის და ჩვენი მეშვეობით. ეს გახლავთ ლოცვისაკენ მოწოდება, სიწმიდისაკენ მოწოდება და მოწოდება „ბრძოლის მზადყოფნისაკენ“ ახლა. ეს გახლავთ დაუყოვნებელი მოწოდება, რომელსაც ვერ ვუარყოფთ. მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჭირდებათ იესო.“
გენერალი ბრაიან ფედლი
(2) ლუკა 18:1-8
(3) გამოცხადება 3:20